საქართველოში ააიპ "საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ" დაფუძნდა. ორგანიზაციის დამფუძნებელია მარიკა ვაჭარაძე, რომელმაც აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა სამინისტროს დაქვემდებარებული საინფორმაციო ცენტრის ლიკვიდაცია გამოაცხადა.

ახალი ცენტრი მიზნად ისახავს საქართველოს მოქალაქეებისთვის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ფაქტებზე დაფუძნებული, სანდო და ობიექტური ინფორმაციის მიწოდებას.

ორგანიზაციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ სწრაფი გეოპოლიტიკური პროცესებისა და უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე, ინფორმაციის სანდოობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ცენტრის დაფუძნების თარიღი სიმბოლურად ემთხვევა 28 ნოემბერს – დღეს, როცა ერთი წლის წინ გამოცხადდა საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის შეჩერება.

„ბრძოლის დროს სიჩუმე საფრთხეა, ამიტომ ვიწყებთ ბრძოლას სიტყვით – მართალი, სანდო და ფაქტებით გამყარებული სიტყვით“, – აცხადებს მარიკა ვაჭარაძე.

ახალი ცენტრი ამბობს, რომ მისი მისია არის ევროპულ და ევროატლანტიკურ საკითხებთან დაკავშირებული ცოდნის გავრცელება, რაც ხელს შეუწყობს მოქალაქეებმა საკუთარი არჩევანი ინფორმირებულად და გაცნობიერებულად გააკეთონ.

"ბრძოლის დროს სიჩუმე საფრთხეა! და სწორედ ამიტომ ვიწყებთ ბრძოლას სიტყვით - სიტყვით, რომელიც იქნება მართალი, სანდო და ფაქტებით გამყარებული. ბოლო წლები სავსე იყო სწრაფი ცვლილებებით, უსაფრთხოების გამოწვევებითა და მონაცვლეობით მიმდინარე საგარეო პოლიტიკური პროცესებით. სწორედ ასეთ ეპოქაში ინფორმაციის სანდოობა იძენს გადამწყვეტ მნიშვნელობას - ინფორმაცია რეალობაზე, რომელიც ანალიზზეა დაფუძნებული!

ზუსტად ერთი წლის წინ, 28 ნოემბერს, გამოცხადდა საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის შეჩერება.

სიმბოლურად, სწორედ ამ დღეს, გვინდა საზოგადოებას ვაუწყოთ ააიპ „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ დაფუძნების შესახებ.

ჩვენი მთავარი მისიაა მოქალაქეებს მივაწოდოთ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ რეალური, ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია, რომლებმაც განსაზღვრა ევროპის ქვეყნების უსაფრთხოება, განვითარება და თავისუფლება.

ჩვენ გვჯერა, რომ ქვეყნის ევროატლანტიკური მომავალი მხოლოდ პოლიტიკური ელიტის გადასაწყვეტი არ არის. ეს არის მთელი საზოგადოების არჩევანი - არჩევანი, რომელიც დგას ინფორმირებულობაზე, ცნობიერებაზე და პასუხისმგებლობაზე.

ჩვენ არ ვქმნით პოლიტიკურ გზავნილებს - ჩვენ ვქმნით ცოდნას! და სწორედ ამიტომ, ჩვენი საქმიანობა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია დღეს, როცა საქართველოში ქვეყნის ევროპულ მომავალზე გაჩნდა კითხვები და გაურკვევლობა.

ჩვენი კარები ღიაა ყველასთვის - საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეებისთვის.

ჩვენი მიზანი არ არის ვინმეს დარწმუნება.

ჩვენი მიზანია - მოქალაქეს მივცეთ შესაძლებლობა თავად გააკეთოს ინფორმირებული და გაცნობიერებული არჩევანი თავისი ქვეყნის ევროპული მომავლის საკეთილდღეოდ.

როგორც ჩვენი მეგობრები ამბობენ: წინ საქართველოვ, წინ!"-, აღნიშნულია განცხადებაში.