ქუთაისში ერთი ადამიანის მკვლელობასა და ორი ადამიანის დაჭრაში ბრალდებულს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

როგორც დაკავებულის ადვოკატი პაპუნა ონიანი "ინფო იმერეთთან" აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

"ბრალდების მხარე პატიმრობას ითხოვდა, ჩვენ კი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას, რადგან ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. სასამართლომ მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, რასაც ჩვენ კანონით დადგენილ ვადაში გავასაჩივრებთ", - განუცხადა "ინფო იმერეთს" ადვოკატმა.

ქუთაისში, გამსახურდიას ქუჩაზე მკვლელობა 30 ნოემბერს მოხდა. მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი, 1978 წელს დაბადებული კ.მ. ორი ან მეტი პირის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 დეკემბერს დააკავეს.

დანაშაული თავისუფლების 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების ინფორმაციით, 30 ნოემბერს, ღამით, ქუთაისში გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავლობითი გასროლით დაჭრა სამი პირი, მათგან ერთ-ერთი კლინიკაში გარდაიცვალა.