4 დეკემბერს ქუთაისის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში ქალთა ფონდმა „სოხუმი“ საერთაშორისო კამპანიის - "16 აქტიური დღე გენდერული ძალადობის წინააღმდეგ“ ფარგლებში რეგიონული კონფერენცია გამართა. ღონისძიების მიზანი იყო ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციისა და რეაგირების მიმართულებით მრავალწლიანი გამოცდილების შეჯამება და 2025 წლის საქმიანობის შედეგების გაზიარება.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 70-მა პირმა იმერეთის, გურიის, სამეგრელოსა და აჭარის ათი მუნიციპალიტეტიდან. კერძოდ, ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორები, სოციალური მუშაობის პარასპეციალისტები, ახალგაზრდული ჯგუფების წარმომადგენლები, ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციები და საერთაშორისო პარტნიორები.
მრავალფეროვანი მონაწილეთა შემადგენლობა საშუალებას იძლეოდა ძალადობის პრევენციის საკითხები განეხილათ როგორც ინდივიდუალური შემთხვევების, ისე სისტემური და სტრუქტურული გამოწვევების ჭრილში.
სამი თემატური პანელისგან შედგებოდა. პირველ პანელზე განიხილეს ქალთა ჯგუფებთან ადგილზე მუშაობის პრაქტიკა — რისკების იდენტიფიცირება, პირველადი დახმარება, ტრავმაზე რეაგირება და თემობრივი მხარდაჭერის მექანიზმების გაძლიერება. მონაწილეებმა ყურადღება გაამახვილეს იმაზე, თუ როგორ იცვლება თემის დამოკიდებულება წლების განმავლობაში და რომელი ინსტრუმენტები ამცირებს ძალადობის რისკებს ყველაზე ეფექტიანად.
მეორე პანელი ახალგაზრდული ინიციატივების შესახებ იყო. ახალგაზრდებმა წარმოადგინეს საკუთარი კამპანიები, მცირე პროექტები და თემში განხორციელებული აქტივობები. როგორც ითქვა, ახალგაზრდების ჩართულობა მნიშვნელოვნად ზრდის პრევენციის შედეგიანობას და ადგილობრივ ცვლილებებზე მათ გავლენას.
მესამე პანელი შეეხო ძალადობის მსხვერპლ ქალებთან მუშაობის პრაქტიკებს. განხილვის ძირითადი მიმართულებები იყო ფსიქოლოგიური მხარდაჭერა, ეკონომიკური გაძლიერება, სარეაბილიტაციო ცენტრების მომსახურება, მედიისა და ციფრული უსაფრთხოების საკითხები.
დასკვნით დისკუსიაზე გამოიკვეთა საერთო ტენდენცია, რომ 2025 წელს ქალებისა და ახალგაზრდების უსაფრთხოებას შორის ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ გამოწვევას ტექნოლოგიებით ხელშეწყობილი ძალადობა წარმოადგენს. საუბარი შეეხო ონლაინ თვალთვალს, კიბერბულინგს, პირად ანგარიშებზე უნებართვო წვდომას და ციფრული მანიპულაციის სხვადასხვა ფორმას, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ციფრული წიგნიერებისა და ინფორმირების საჭიროებას.