ქუთაისის საკრებულოში 2026 წლის ბიუჯეტის განხილვა მიმდინარეობს.

პარტია "გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელი, საკრებულოს წევრი ელეონორა არჩაია ბიუჯეტის პრიორიტეტების გადახედვას ითხოვს და ქალაქის მთავარ გამოწვევებზე საუბრობს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ბიუჯეტის დაგეგმვისას აუცილებელია მოსახლეობის საჭიროებების გათვალისწინება და სახსრების სწორად განაწილება. ის ყურადღებას რამდენიმე მნიშვნელოვან  საკითხზე ამახვილებს:

საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმა - არჩაია ამბობს, რომ სირცხვილია, საქართველოს მესამე უდიდეს ქალაქში გამართული საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ ფუნქციონირებდეს. მისი თქმით, დასამატებელია ახალი მაღალი ტევადობის ავტობუსები, ახალი ხაზები, ავტობუსის გაჩერებები, ხოლო სამარშრუტო ტაქსები ეტაპობრივად უნდა შეიცვალოს.

საგზაო ინფრასტრუქტურა და ქვეითთა უსაფრთხოება - საჭიროა გზების მოხაზვა, ზებრა გადასასვლელების დამატება, ტროტუარების მოწესრიგება, ხელოვნური ბარიერები და ახალი პარკირების სივრცეები.

სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემების განახლება - არჩაია ამბობს, რომ რიგ უბნებში პრობლემა დღემდე მწვავედ დგას და მისი სისტემური მოგვარება აუცილებელია.

მწვანე სივრცეები და ეკოლოგია - მისასალმებელია ცენტრალური ბულვარის რეაბილიტაცია, თუმცა სხვა პარკებსაც სჭირდება განახლება. არჩაია ასევე ყურადღებას ამახვილებს საღორიის ტყის გადარჩენის აუცილებლობაზე.

სოციალური დახმარებების გაზრდა - გავრცელებული ინფლაციის პირობებში, მისი თქმით, მნიშვნელოვანია ქუთაისში მცხოვრები მოწყვლადი ჯგუფებისთვის მხარდაჭერის ზრდა.

"ყველას ესმის, რომ ყველა პრობლემა ერთ ბიუჯეტში ვერ მოგვარდება, მაგრამ აუცილებელია პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა“, - აცხადებს არჩაია და დასძენს, რომ მომდევნო დღეებში საკრებულოში აღნიშნულ საკითხებს კვლავ აქტიურად დააყენებს.