2026 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მიხეილ ყაველაშვილის, ირაკლი კობახიძისა და შალვა პაპუაშვილის ხელფასები 16 000 ლარი იქნება, ხოლო 70 წლამდე პენსიონერის პენსია - 370 ლარი.
ბიუჯეტის პროექტის დოკუმენტი პარლამენტის ვებსაიტზეა ატვირთული, სადაც ვკითხულობთ, რომ მომავალი წლიდან საქართველოში პენსია, ასევე პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და მოსამართლეების ხელფასები იზრდება.
პენსია იზრდება:
70 წლამდე პენსიონერების შემთხვევაში - 20 ლარით (გახდება 370 ლარი);
70 წლისა და მეტი ასაკის ადამიანებისთვის 45 ლარით (გახდება 495 ლარი).
ხელფასებიც იზრდება:
პრეზიდენტს, პრემიერს, პარლამენტის თავმჯდომარეს - გაეზრდებათ 1400 ლარით და გაუხდებათ 16 000 ლარი;
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის - 1260 ლარით და ხდება 14 400 ლარი;
მინისტრების, პარლამენტის ფრაქციების თავმჯდომარეების - 1190 ლარით და ხდება 13 600 ლარი;
დეპუტატების ხელფასი - 1120 ლარით და ხდება 12 800 ლარი.
2025 წლის 1 იანვრამდე პარლამენტის წევრის ხელფასი 4624 ლარი იყო, თუმცა „ქართული ოცნების“ მიღებულმა კანონმა, პირველ ეტაპზე, ის 2,5-ჯერ გაზარდა. გაზრდილ ხელფასებს საჯარო მოხელეები 2026 წლიდან მიიღებენ.
იზრდება მოსამართლეების ხელფასებიც:
უზენაესი სასამართლოსა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეების - 1400 ლარით და გახდება 16 000 ლარი;
უზენაესის და საკონსტიტუციოს მოსამართლეების - 1190 ლარით და ხდება 13 600 ლარი;
სააპელაციოს მოსამართლეების - 1134 ლარით და ხდება 12 960 ლარი;
საქალაქო და რაიონული სასამართლოების მოსამართლეების - 1008 ლარით და ხდება 11 520 ლარი", - წერია დოკუმენტში.