ეროვნული ლიგის მე-13 ტური ქუთაისში გამართული შეხვედრით დაიწყო – „ტორპედომ“ გორის „დილას“ უმასპინძლა და მატჩის ბოლო წამებზე გატანილი გოლით 2:1 დაამარცხა.

გორელებმა ახალი მწვრთნელის ლევან კორღალიძის ხელმძღვანელობით პირველად ითამაშეს. 42-ე წუთი "დილასთვის“ უიღბლო გამოდგა – სტუმართა მოთამაშე ბლანკსონ ანოფიმ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი დატოვა.

ქუთაისელებმა რიცხობრივი უპირატესობით შესვენების შემდეგ ისარგებლეს და 57-ე წუთზე გიორგი არაბიძის გოლით დაწინაურდნენ. კაცნაკლულმა „დილამ“ ლაშა მენთეშაშვილის (83) ზუსტი დარტყმით წონასწორობა კი აღადგინა, მაგრამ მატეო შიმიჩმა 90+4-ე წუთზე მაინც „ტორპედოს“ მოაგებინა.

13 ტურის შემდეგ „ტორპედო“ 20 ქულით მეორე ადგილზე ავიდა, „დილა“ (19) მეოთხე პოზიციაზე დარჩა.