2025 წლის აპრილში დაუმთავრებელი და სიცოცხლისთვის საშიში სკვერი, რომლის ღირებულება მილიონ ლარამდეა, ჩამოიშალა, ნანგრევებში ჩავარდნილი ბავშვი გაბედული ადამიანების დამსახურებით სასწაულად გადაურჩა ადიდებულ მდინარე ჩხერიმელას, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ხარაგაულის ორგანიზაციის თავმჯდომარე თორნიკე ავალიშვილმა "ინფო იმერეთთან" განაცხადა.
შემთხვევა ხარაგაულში, სოლომონ მეფის ქუჩაზე მოხდა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ეს არის სისტემური დაუდევრობის შედეგი.
"გუშინ კინოთეატრთან მომხდარი ფაქტი აღარ შეიძლება უბედურ შემთხვევად ჩაითვალოს. ეს არის შედეგი სისტემური დაუდევრობის, სადაც ადამიანების უსაფრთხოება ფორმალურად და ისიც მხოლოდ ქაღალდზეა.
2025 წლის აპრილში დაუმთავრებელი და სიცოცხლისთვის საშიში სკვერი, რომლის ღირებულება მილიონ ლარამდეა, გუშინ ჩამოიშალა. მადლობა ღმერთს, რომ მსხვერპლი არ არის. ნანგრევებში ჩავარდნილი ბავშვი გაბედული ადამიანების დამსახურებით სასწაულად გადაურჩა ადიდებულ მდინარე ჩხერიმელას.
პროექტი, რომლითაც თავს იწონებდა მერია, დაუმთავრებელია, რაც ვიდეოზე კარგად ჩანს. რა მოხდებოდა კედელი ბოლომდე რომ ჩაესხათ? რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობას არავინ აიღებს, ეს ხომ "წყალდიდობის" ბრალია.
თუ გახსენდებათ ვინმეს, მერია პასუხს აგებდეს იმ ინფრასტრუქტურული პროექტების უხარისხობაზე, რომელსაც დიდი ზარ-ზეიმით ხსნის და ორ-სამ თვეში ინგრევა.
როცა ასეთი ამბის შემდეგ ხმა არ ისმის საზოგადოებაში, კიდევ უფრო ღრმავდება უნდობლობა, ეს აღარ არის ერთი სკვერის პრობლემა, ეს არის სისტემა, სადაც პასუხისმგებლობა იკარგება, ხმები ჩუმდება და შედეგს ყველაზე დაუცველები იხდიან", - განაცხადა ავალიშვილმა.