გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონის გახსნიდან 2 თვეში, ქვეყნის მასშტაბით სულ 1069 სამართალდარღვევა გამოავლინეს.

ამ სტატისტიკიდან უკანონო ნადირობის კანონდარღვევით იმერეთის რეგიონში გარემოსდაცვითი წესების დარღვევის 331 ფაქტი დაფიქსირდა, რაც მთელი საქართველოს მასშტაბით გამოვლენილი დარღვევების თითქმის 31%-ს შეადგენს.

რეგიონული ანტირეიტინგის მიხედვით, იმერეთს (331 ფაქტი) მოსდევენ სამეგრელო-ზემო სვანეთი (233 ფაქტი), გურია (148 ფაქტი), შიდა ქართლი (98 ფაქტი), სამცხე-ჯავახეთი (68 ფაქტი), ქვემო ქართლი (55 ფაქტი), აჭარა (53 ფაქტი), მცხეთა-მთიანეთი (51 ფაქტი) და კახეთი (22 ფაქტი). დარღვევები დედაქალაქშიც დაფიქსირდა – თბილისში ნადირობის წესების დარღვევის 10 ფაქტი გამოვლინდა.

ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 927 აკრძალული იარაღით, მეთოდით ან საშუალებით ნადირობის ფაქტია. 60 შემთხვევაში სამართალდამრღვევები გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის გარეშე ნადირობდნენ, 50 შემთხვევაში მონადირეებმა ნადირობის წესები დაარღვიეს, 32 შემთხვევაში კი მოქალაქეები მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნადირობდნენ.

სეზონის დაწყებიდან ორ თვეში დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამოიღეს 909 უკანონო საშუალება – ფრინველების მოსაზიდი ხმოვანი მოწყობილობა ე.წ. მანოკი.