იმერეთში ორი უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.

სახერხები ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ გედსამანიასა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა მესხეთში ფუნქციონირებდა.

მოქალაქეებს არარეგისტრირებული ლენტური და ცირკული ტიპის სახერხი დანადგარები საკუთარ საკარმიდამო ეზოებში ჰქონდათ დამონტაჟებული. ვინაიდან ორივე შემთხვევა შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებებს გადაეგზავნა.

გარდა ამისა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ლეღვანში, დეისსა და მარელისში ხე-ტყის უკანონო მოპოვების 4 ფაქტი დაფიქსირდა, სადაც მოქალაქეებმა სხვადასხვა სახეობის ჯამში 16 ერთეული ხე უკანონოდ მოჭრეს.

ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების კიდევ 4 ფაქტი გამოვლინდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ვახანი, საქასრია, მარელისი და ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვედში.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში აღნიშნავენ, რომ ბუნებრივი რესურსების დაცვა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის პრიორიტეტია. გამკაცრებული კანონმდებლობის, გაძლიერებული კონტროლისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების შედეგად, ბოლო წლებში უკანონო ტყითსარგებლობის შემცირების ტენდენცია ფიქსირდება.