ოთარ მამფორია - ქართველი დრამატურგი, მთარგმნელი, მწერალი და პოეტი. აკაკი წერეთლის სახელობის პრემიის ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი (1997).
დაიბადა 1924 წლის 1 იანვარს ქუთაისში, 1941 წელს დაამთავრა ქუთაისის 28-ე საშუალო სკოლა და სწავლა განაგრძო საავიაციო ტექნიკუმში. შემდეგ კი თბილისის საავიაციო ქარხანაში მუშაობდა.
1946 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე ქართული ენისა და ლიტერატურის განხრით, რომელიც 1951 წელს დაასრულა, უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ მუშაობა დაიწყო ქუთაისის ოლქის სალექციო ბიუროში და კითხულობდა ლექციებს ქართული ლიტერატურის ისტორიის და თანამედროვე ქართული მწერლობის საკითხებზე.
1956–1958 წლებში სწავლობდა მოსკოვის მაქსიმ გორკის სახელობის ინსტიტუტის ორწლიან ლიტერატურულ კურსებზე. თბილისში დაბრუნების შემდეგ, წლების მანძილზე მუშაობდა საქართველოს მწერალთა კავშირში ლიტერატურული კონსულტანტის თანამდებობაზე. ოთარ მამფორიას ლიტერატურული დებიუტი 1940 წელს შედგა, როდესაც ქუთაისის საქალაქო გაზეთში გამოქვეყნდა მისი პირველი ლექსი „ფიროსმანი“.
ავტორია ლექსთა კრებულებისა, პოემებისა, პიესებისა, სატირულ-იუმორისტული და საბავშვო ნაწარმოებებისა, რომელთაგან აღსანიშნავია „ცისკრის ვარსკვლავი“ (1958), „ცისარტყელა ჩანჩქერებში“ (1962), „რჩეული ლექსები“ (1966), „ეტლი წუთისოფლისა“ (1970), „ერთი მუჭა მიწა“ (1971), „პიესები“ (1977), „ტაგუ“ (დაიდგა ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახ. თეატრში, 1969), "უმხედრო ბედაური“ (1982) და სხვ. ავტორია ლექსების, მოთხრობების, პიესებისა და საბავშვო მოთხრობების 50-მდე კრებულისა. თარგმნა სერგეი ესენინის, ალექსანდრე ბლოკის, ევგენი ევტუშენკოს, ბორის პასტერნაკის, ალექსანდრე მეჟიროვის, დიმიტრი კუდრინის პოეზიის საუკეთესო ნიმუშები.
ოთარ მამფორიას პიესები იდგმებოდა საქართველოს თეატრის სცენებზე. რეჟისორმა გიგა ლორთქიფანიძემ თბილისში, რუსთაველის სახელობის თეატრში, 1963 წელს დადგა პიესა „მეტეხის ჩრდილში“, ხოლო 1974 წელს ლერი პაქსაშვილმა, მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სცენაზე დადგა პიესა „იეთიმ გურჯი“.
ოთარ მამფორიას ლექსებზე არაერთი სიმღერაა შექმნილი („ყაყაჩო“, „ნიბლია“, „ბეღურა და მერცხალი“ და სხვ.)
დაჯილდოებულია ღირსების ორდენით 1997 წელს.
გარდაიცვალა 2000 წლის 17 სექტემბერს 76 წლის ასაკში.
დაკრძალულია თბილისში, დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.