ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში, სადაც რამდენიმე დღის წინ მეწყრული პროცესები განვითარდა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

მეწყრულ ზონაში მდებარეობს მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია და "ზენობნის" მაცხოვრის ამაღლების სახელობის ეკლესია, ასევე კარიბჭე და გალავანი, რომლებიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებენ.

სააგენტოს ინფორმაციით, სპეციალისტებმა ორივე ძეგლი დეტალურად დაათვალიერეს და დადგინდა, რომ ეკლესიები დაზიანებული არ არის.

როგორც უწყებაში აცხადებენ, მას შემდეგ, რაც მეწყრული პროცესები სრულად დასტაბილურდება, შესაბამისი დარგის სპეციალისტები ძეგლების მდგომარეობას დამატებით შეისწავლიან. დაგეგმილია მათი სკანირება და მიღებული მონაცემების ძველ მასალებთან შედარება. ასევე განხორციელდება ყველა საჭირო ღონისძიება ძეგლების დაცვა-შენარჩუნების მიზნით.