ქუთაისი უკვე მეხუთე წელია, საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალს მასპინძლობს, რომელიც წლიდან წლამდე სულ უფრო მასშტაბური და მრავალფეროვანი ხდება. წლევანდელი ფესტივალი 2 ოქტომბერს, კინოთეატრ "საქართველოში“ დახურვის ცერემონიით დასრულდა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ქუთაისი თანამედროვე კინემატოგრაფიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი ხდება.

ღონისძიების მთავარი მხარდამჭერია თიბისი ბანკი.

ფესტივალის მთავარი პრიზი — „ოქროს დინოზავრი“ — სამ კატეგორიაში გაიცა.

საუკეთესო ფილმად სიმონ პანაის „თეთრკანიანი ბიჭი“ დასახელდა, საუკეთესო რეჟისორად კი რობერტ ბ. ჰოუპი ფილმისთვის „ადგილის მცველები“.

საოპერატორო ნამუშევრისთვის ჯილდო ჰანტერ ზიმნიმ მიიღო ფილმზე „ლიმონის ხე“.

განსაკუთრებული აღნიშვნა დაიმსახურა დეა ჭოლოკავას ფილმმა „რას ჩურჩულებს ტალახი“, რომელიც ჟიურის შეფასებით, კინოს ფარულ სამყაროსა და სიღრმეებს გვიხსნის.

სპეციალური აღნიშვნები გადაეცა ელენე ბურჭულაძის „მამა გამჟღავნებულს“ — ვიზუალური დახვეწილობისთვის და საარქივო მასალასთან ნაზად მოპყრობისთვის, ასევე ლევან ცხოვრებაძის და ანი კილაძის „ფრაგმენტები წინააღმდეგობაზე“ — თავისუფლებისა და სამართლიანობისთვის მებრძოლი ერების სიმბოლოდ.

ფესტივალის კვირეული მხოლოდ კინოჩვენებებით არ შემოიფარგლა — სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დასწრებოდნენ საჯარო ლექციებს, ვორქშოპებს და მასტერკლასებს, ხოლო სცენარის განვითარების სახელოსნო ტრადიციულად რეზო გაბრიაძის სახელს ატარებდა.

ფესტივალის თანადამფუძნებელმა და დირექტორმა ნინო მხეიძემ აღნიშნა, რომ წლევანდელი ფესტივალი განსაკუთრებით შთამბეჭდავი აღმოჩნდა: „პროგრამა კიდევ უფრო მასშტაბური და საინტერესო იყო. მაყურებლების დიდი რაოდენობა მოწმობს, რომ ქუთაისში კინოსადმი ინტერესი იზრდება. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს გენერალურ სპონსორს — „თიბისი ბანკს“, რომლის მხარდაჭერის გარეშე ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა.“

ჟიურის თავმჯდომარემ ნანა ჯანელიძემ ფესტივალს მაღალი შეფასება მისცა: „ეს არის ძალიან მაღალპროფესიონალური ფესტივალი, მრავალმხრივი და მდიდარი პროგრამით. განსაკუთრებული ადგილი დაეთმო იტალიურ კინოპროგრამას, რომელშიც თავად იტალიის ელჩიც ჩაერთო“.

ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი უკვე იქცა ქალაქის ერთ-ერთ მთავარ კულტურულ მოვლენად, რომელიც ახალ ხედვებსა და კინემატოგრაფიულ გამოცდილებას სთავაზობს მაყურებელს, აერთიანებს პროფესიონალებსა და კინოს მოყვარულებს, და ქუთაისს მსოფლიო კინემატოგრაფიულ რუკაზე ღირსეულ ადგილს უჩენს. ფესტივალის მხარდამჭერი კომპანია "თიბისი"  ბანკია.

"თიბისისთვის მნიშვნელოვანია რეგიონების კულტურული ცხოვრების მხარდაჭერა და მოსახლეობისთვის ხელშეწყობა, რომ ჰქონდეთ წვდომა ქვეყანაში გამართულ კულტურულ ღონისძიებებზე.

რაც შეეხება ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალს, გვიხარია, რომ უკვე რამდენიმე წელია, მისი მხარდამჭერები ვართ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ფესტივალი მნიშვნელოვან როლს ასრულებს როგორც ქუთაისისთვის — ქვეყნის ერთ-ერთი კულტურულად ყველაზე განვითარებული ქალაქისთვის, ასევე ქართული კინოს დიდი ტრადიციების გაგრძელებისა და პოპულარიზაციის თვალსაზრისით", - განაცხადა სტრატეგიული პროექტების მენეჯერმა ნინო სობჩინსკიმ.